სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასება - 2015 08 ივნისი, 2015

დღეს, 8 ივნისს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“   გაიმართა კონფერენცია - „საქართველოს დემოკრატიული სისტემა: ძირითადი ინსტიტუტები 2011-2015 წლებში“,  რომელზედაც  სახელმწიფო აუდიტის საქმიანობა დადებითად შეფასდა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი „საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების  2015 წლის ანგარიშის“  მიხედვით,  „2011 წლის შემდეგ  გაიზარდა როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტების ეფექტიანობა, ასევე ამ უწყების უნარი, აღმოაჩინოს დარღვევები და  ხელი შეუწყოს სახელმწიფო სახსრების მართვის გაუმჯობესებას“.  

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა. ბატონმა ლაშა თორდიამ, როგორც მიწვეულმა მომხსენებელმა,  შეაჯამა უკანასკნელი 4 წლის მანძილზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განხორციელებული რეფორმები,  მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები.

როგორც  გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ აღინიშნა, უწყებაში  გატარებული რეფორმები  რამდენიმე ფაზას მოიცავს: პირველი ფაზა  ეს არის  - საკანონმდებლო ცვლილებები (მანდატი, დამოუკიდებლობა), ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის კონცეფციების დანერგვა; მეორე ფაზა - ეფექტიანობის აუდიტის, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის, რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის სისტემის დანერგვა, საკადრო რეფორმები და აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფა.

კონფერენცია, არასამთავრობო ორგანიზაციის - „საერთაშორისო გამჭვირვალობა -  საქართველოს“ ინიციატივით მოეწყო და დაფინანსდა ევროკავშირის მიერ.

იხ. ვიდეოები