სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტი, რაზეც გაიცა პირობითი მოსაზრება.
პირობითი მოსაზრების საფუძველია შემდეგი გარემოებები:
- საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო და საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო განთავსებულია ქალაქ თბილისში (სანაპიროს ქუჩა N2). სამინისტროს დაკავებული აქვს 2,388 კვ.მ, ხოლო სააგენტოს - 276 კვ.მ. ვინაიდან შენობა არ არის მიღებული ექსპლოატაციაში, საჯარო რეესტრის ამონაწერში აღნიშნულ ქონებაზე სამინიტროსა და სააგენტოს სარგებლობის უფლება არ ფიქსირდება. ასევე, შენობის ღირებულება მათ ბალანსებზე ასახული არ არის.
- 2014 წლის 29 აგვისტოს სამინისტროს შპს „ქეიჯი ენერჯისაგან“ უსასყიდლოდ გადაეცა ბახვი 1-2 ჰესისა და ბახვი 5 ჰესის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების ამსახველი დოკუმენტაცია, ჯამური ღირებულებით 2,808,622 ლარი. აღნიშნული დოკუმენტაცია სამინისტროს ბალანსზე აისახა არამატერიალური ძირითადი აქტივის ანგარიშზე, ნაცვლად მარაგის ანგარიშისა. შესაბამისად, მასზე არასწორად დარიცხულია ძირითადი კაპიტალის მოხმარება ისტორიული ღირებულების 1%-ის ოდენობით - 28,086 ლარი.
ასევე უნდა აღინიშნოს სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც:
- 2014 წლის განმავლობაში, ენერგეტიკის სამინისტროს საშტატო ნუსხით დამტკიცებული თანამშრომელთა რიცხოვნობა არ ყოფილა სრულად დაკომპლექტებული და 23 ვაკანტური თანამდებობიდან წლის განმავლობაში არ მომხდარა კონკურსის გამოცხადება არცერთ მათგანზე, გარდა ერთი პოზიციისა. აღნიშნული გარემოების შედეგად, სამინისტროს წარმოეშვა ეკონომია შრომის ანაზღაურების მუხლში 280,440 ლარის ოდენობით, რის ხარჯზეც სამინისტრომ გასცა პრემიები და სახელფასო დანამატები.
2014 წლის განმავლობაში, როგორც სამინისტროს, ასევე სააგენტოს თანამშრომლები, ყოველთვიურად დამატებით შრომის ანაზღაურებას იღებდნენ პრემიის სახით, 2014 წლის ივნისის ჩათვლით. 2014 წლის ივლისში, მთავრობის დადგენილებით, შეიზღუდა საბიუჯეტო ორგანიზაციებში აღნიშნული პერიოდულობით პრემიების გაცემა. თუმცა, როგორც სამინისტროს, ასევე სააგენტოს მიერ 2014 წლის ივლისის თვეშივე გამოიცა ბრძანებები სახელფასო დანამატების დამტკიცების შესახებ, რის შემდეგაც თანამშრომლებზე გაცემულმა დანამატების ოდენობამ დაახლოებით იგივე ციფრი შეადგინა, რაც მანამდე პრემიების სახით გაიცემოდა. ასევე ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ სამინისტროსა და სააგენტოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტი სახელფასო დანამატების დანიშვნის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.
- 2014 წლის მარტისა და აპრილის თვეში სააგენტოს შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა შეადგენდა 6 თანამშრომელს, რის შედეგადაც დარღვეულია „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც საბიუჯეტო ორგანიზაციაში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საშტატო რიცხოვნობის 2%-ს, ხოლო იმ ორგანიზაციებში, სადაც საშტატო რიცხოვნობის 2% შეადგენს 5 ერთეულზე ნაკლებს, ხელშეკრულებით, დაქირავებულთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ერთეულს.
