სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტს 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა 15 ოქტომბერი, 2025

საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. 

პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში ასახულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ყველა ძირითადი მიმართულება და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ფინანსური, შესაბამისობის და ეფექტიანობის აუდიტების შედეგები, სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა, საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობა და საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციების საქმიანობაში ჩართულობა, თანამშრომელთა პროფესიული განვითარება, სამსახურის ფინანსური აუდიტის შედეგები და სხვა. 

ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2024 წელს ჩაატარა 58 აუდიტი მათ შორის: 13 - ფინანსური, 29 - შესაბამისობის და 16 - ეფექტიანობის აუდიტი. ჩატარებული აუდიტებით დაიფარა ნაერთი ბიუჯეტის 91%, ანუ 23 მლრდ ლარზე მეტი.

მაღალი რისკის შემცველი გარემოებებიდან გამომდინარე, 2024 წელს, საქართველოს პროკურატურას შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა 14 აუდიტის ანგარიში. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ბოლო 5 წელში, გასცა 3,000-ზე მეტი რეკომენდაცია, საიდანაც 20% ეკუთვნის გასულ წელს ჩატარებულ აუდიტებს. რეკომენდაციების 74% სრულად ან ნაწილობრივად არის შესრულებული, 18% - მიმდინარეა, ხოლო 8% - არის შეუსრულებელი. 

ანგარიშის წარდგენის შემდეგ გენერალურმა აუდიტორმა პარლამენტის წევრების კითხვებს უპასუხა.