სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტში 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტზე დასკვნა წარადგინა  13 ოქტომბერი, 2025

პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა გიორგი გაბიტაშვილმა კომიტეტის წევრებს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის პირველად ვერსიასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა გააცნო და განმარტა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით „2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ“ პროექტი სათანადოდ არის მომზადებული არსებული დაშვებების საფუძველზე, შესაძლებელია შეფასდეს საფუძვლიანად და კანონიერად მოქმედი ნორმატიული ბაზის გათვალისწინებით.

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტით გათვალისწინებულია ბიუჯეტის შემოსულობების ზრდა 30.3 მლრდ ლარამდე, რაც 2.7 მლრდ ლარით მეტია 2025 წლის მაჩვენებელზე. ბიუჯეტის გადასახდელები 30.5 მლრდ ლარამდე გაიზრდება (ზრდა - 2.5 მლრდ ლარი). დოკუმენტის მიხედვით, ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი (მშპ-ს 2.5%) და მთავრობის ვალის დონე (მშპ-ს 34.9%) კანონმდებლობით დადგენილი ლიმიტის ფარგლებშია.

საკომიტეტო მოსმენაზე გენერალურმა აუდიტორმა გიორგი გაბიტაშვილმა ისაუბრა ბიუჯეტის კანონპროექტის როგორც მაკროეკონომიკურ, ასევე ფისკალურ ჩარჩოზე. მან აქცენტი გააკეთა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე.

კერძოდ, წარმოდგენილი კანონპროექტით კაპიტალური ხარჯების მოცულობა 363 მლნ ლარით მცირდება და 7.6 მლრდ ლარს შეადგენს. საშუალოვადიან პერიოდში კაპიტალური ხარჯების ფარდობა მშპ-სთან შემცირების ტენდენციით ხასიათდება და 2029 წლისთვის 6.7%-ს უტოლდება.

სახელმწიფო ბიუჯეტის ფისკალური რისკების ერთ-ერთ ძირითად წყაროდ რჩება სახელმწიფო საწარმოები - 2024 წელს მათმა ჯამურმა ზარალმა 138 მლნ ლარი შეადგინა. შესაბამისად, სახელმწიფო საწარმოთა აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილის დაფინანსების წყარო ვალდებულებებია. 

გლობალური მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისა და მთავრობის ვალში საშინაო ვალის წილის ზრდის ფონზე, უკანასკნელ წლებში გაიზარდა ვალის მომსახურების საპროცენტო ხარჯები, რაც მნიშვნელოვან ფისკალურ წნეხს წარმოქმნის სახელმწიფო ბიუჯეტისთვის - ეს ტენდენცია 2026 წელსაც ნარჩუნდება. 

გამოსვლისას გენერალურმა აუდიტორმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტის კანონპროექტის მომზადების პროცესში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს საბიუჯეტო პროცესის, ინფორმაციის ხარისხისა და ანგარიშგების გაუმჯობესებას. მათ შორის:

  • ფინანსთა სამინისტრომ განაახლა მთავრობის ვალის მართვის სტრატეგია საშუალოვადიანი ბიუჯეტირების დოკუმენტებთან ერთად, ბიუჯეტის პროექტის მომზადებამდე;
  • სტრატეგიას დაემატა ახალი ინდიკატორი — საპროცენტო ხარჯის ფარდობა მშპ-სთან, რომელიც საშუალებას იძლევა უკეთ შეფასდეს საპროცენტო რისკები;
  • „ფისკალური რისკების ანალიზის“ დოკუმენტს დაემატა ინფორმაცია სასამართლო დავებიდან მომდინარე რისკების შესახებ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტთან დაკავშირებით დასკვნას საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის’’ შესახებ ორგანული კანონით დადგენილი წესით.