ლატვიის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 95-ე იუბილისადმი მიძღვნილი კონფერნეციის გახსნაზე საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ირაკლი მექვაბიშვილმა პარტნიორებთან თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა, განსაკუთრებულად აღნიშნა ლატვიის აუდიტის სამსახურის მხარდაჭერა და ღონისძიების მონაწილე გენერალურ აუდიტორებს თანამშრომლობის გააქტიურებისკენ მოუწოდა.
“ლატვიის აუდიტის სამსახურთან ერთად ჩვენ განვახორციელეთ საერთო კვლევითი პროექტები, მათ შორის რამდენიმე საპილოტე აუდიტი. ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით ლატვიის მიერ გაწეულმა ექსპერტულმა დახმარებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი სამსახურის უკეთესი პრაქტიკის განვითარებასა და ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგიების დანერგვაში”, განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა სიტყვით მიმართვაში.
საქართველო და ლატვია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებშიც (Eastern Partnership) თანამშრომლობენ და ერთობლივად ახორციელებენ პროექტს „გარე აუდიტის როლის ზრდა“. საქართველომ მზადყოფნა გამოთქვა ჩაერთოს ახალ პროექტებში, რომლებიც აუდიტორული სამსახურების ინსტიტუციურ გაძლიერებასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე იქნება ორიენტირებული.
ლატვიის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 95-ე იუბილისადმი მიძღვნილ კონფერნეციას ესტონეთის, სერბეთის, მოლდოვისა და უკრაინის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაციები და გენერალური აუდიტორები ესწრებოდნენ.
