სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2014 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის ბუღალტრული ანგარიშგების აუდიტის ანგარიში 13 ივლისი, 2015
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2014 წლის საანგარიშგებო პერიოდისთვის მომზადებული კონსოლიდირებული ბუღალტრული ანგარიშგების აუდიტი, რომლის მიხედვით ვერ მოხერხდა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულების მოპოვება აუდიტის დასკვნის გასაცემად.

დასკვნის გაცემაზე უარის საფუძველია შემდეგი გარემოებები: 

  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არ ჰქონდა დასრულებული ძირითადი აქტივების ინვენტარიზაცია და შესაბამისად ვერ იქნა მოპოვებული საკმარისი აუდიტორული რწმუნება დეპარტამენტის ბალანსზე აღრიცხული ძირითადი აქტივების სისრულესა და არსებობაზე.
  • სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციის შედეგები არ აქვს გათვალისწინებული და ასახული 2014 წლის 31 დეკემბერის მდგომარეობით შედგენილ ბალანსში.
  • 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბალანსზე ასახულია 4,934,331 ლარის ოდენობის დებიტორული დავალიანება, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტივად აღიარების კრიტერიუმს, შესაბამისად აღნიშნული თანხით გაზრდილია აქტივები.
  • სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკონომიკური საქმიანობით მიღებული სახსრების შესახებ ანგარიშში ასახულ საოპერაციო ხარჯებში ზედმეტად დარიცხულია 25,000 ლარის ოდენობის ხარჯი.
  • სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ იქნა მოპოვებული საკმარისი და შესაფერისი აუდიტორული მტკიცებულებები, მომსახურების მოწოდებით დარიცხული ვალდებულებებთან მიმართებით.
  • სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ბუღალტრულ ანგარიშგებაში არ აქვს გათვალისწინებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სხვაობების ეფექტი, შესაბამისად ძირითადი აქტივებისა და მატერიალური მარაგების მუხლი არასწორად არის წარმოდგენილი ბალანსში.
  •  სატყეო სააგენტოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებობს სამი ისეთი ანძა, რომელზეც სააგენტოს არ აქვს აღნიშნული ანძების მესაკუთრესთან, შპს მაგთიკომთან, გაფორმებული ხელშეკრულება. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათ გასაფორმებლად, სატყეო სააგენტომ ვერ მოახერხა 2014 წლის კუთვნილი შემოსავლების შესაბამის საანგარიშგებო პერიოდში აღრიცხვა და მიღება.

ასევე უნდა აღინიშნოს სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც:

  • 2014 წლის განმავლობაში სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლობითი ხარჯებმა შეადგინა 92,382 ლარი. ამ ხარჯების დიდი ნაწილი გაწეულია სასწავლო და ინფორმაციული ტრენინგების ორგანიზებისთვის, რომელიც წარმოადგენს განათლების ცენტრის ძირითად საქმიანობას და მასთან დაკავშირებული ხარჯები არ უნდა იქნეს მიჩნეული წარმომადგენლობით ხარჯად. ვინაიდან ეს ხარჯები მიკუთვნებულია წარმომადგენლობით ხარჯებს, შესყიდვები ხორციელდებოდა გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით, მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო ღირებულება უმეტეს შემთხვევაში აღემატებოდა 5,000 ლარს.

სრული ანგარიში