სახელმწიფო აუდიტის სამსახური 20 მსხვილი სახელმწიფო საწარმოს აუდიტს ჩაატარებს. ყოველწლიურად მსხვილი სახელმწიფო საწარმოების აუდიტით დაფარვა სამსახურის ხუთწლიანი სტრატეგიით არის განსაზღვრული.
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ანგარიში დღეს პარლამენტის აუდიტების განმხილველი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე აუდიტის ობიექტის წარმომადგენლების მონაწილეობით განიხილეს.
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ პასუხისმგებელია ბუნებრივი გაზის შეუფერხებელ, უწყვეტ, უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე და მაგისტრალური გაზსადენების გამართულ ფუნქციონირებაზე. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ხორციელდება საქართველოს ქალაქებისა და სოფლების მომხმარებლებისათვის, სამრეწველო და ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტებისთვის და ტრანზიტული დანიშნულებით. კომპანია ასევე ახორციელებს დასახლებულ პუნქტებში გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საწარმოს 2022 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობა შეამოწმა და მიგნებების საფუძველზე საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციები გასცა. რეკომენდაციები შეეხება გაზის ხარისხის მონიტორინგს, აღრიცხვის კვანძების გეგმიურ შემოწმებას, ლოჯისტიკური სერვისის მოწესრიგებას და კომპანიის ინვესტიციის მართვის გაუმჯობესებას.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური წელს სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის - „დელტას“ საწარმოებს, „საქართველოს მელიორაციის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო)“ და „ენგურჰესის“ აუდიტებს ატარებს. უკვე გამოქვეყნდა შპს „სანდასუფთავების“ ანგარიში.
2018-2022 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 17 სახელმწიფო საწარმოს აუდიტი ჩაატარა.
არსებული მონაცემებით, ქვეყანაში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი 400-მდე სახელმწიფო საწარმო ფუნქციონირებს.


