სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საპარლამენტო კომიტეტში მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამების ეფექტიანობის მოკვლევის ჯგუფის შეხვედრა გაიმართა 07 ივნისი, 2022

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

გენერალური აუდიტორის მოადგილემ ეკა ღაზაძემ და ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კაპანაძემ ამ მიმართულებით ჩატარებული აუდიტების მიგნებებზე ისაუბრეს და შეხვედრის მონაწილეებს პროგრამების ეფექტიანად მუშაობისთვის გაცემული რეკომენდაციები გააცნეს.

პარლამენტისთვის მიწოდებული სამი ეფექტიანობის აუდიტის (ექსპორტის ხელშეწყობა, სახელმწიფოს მიერ გაცემული გრანტები, მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობა) ფარგლებში მოკლედ დაიფარა მათი ძირითადი მიგნებები, რომლებიც სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციასთან ერთად შესაძლოა გამოყენებულ იქნას პროგრამების შემდგომი დახვეწის/გაუმჯობესების შესახებ გადაწყვეტილებების მისაღებად.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის წევრები მიწვეულები იქნებიან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ეფექტიანობის აუდიტების ანგარიშების დეტალური განხილვის პროცესში ჩასართავად.

დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ეფექტიანობის თემატურ მოკვლევას ატარებს კერძო და საჯარო სექტორების წარმომადგენლების და სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარების ჩართულობით.