2015 წლის 17 ნოემბერს საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ინიციატივით გაიმართა კონფერენცია თემაზე: „საპარლამენტო და გარე საფინანსო ზედამხედველობა საქართველოში“.
კონფერენციის მიმდინარეობისას აქცენტი გაკეთდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის საკონსტიტუციო ჩარჩოებსა და აუდიტორული მანდატის გაფართოებაზე. ამასთან, განხილული იქნა ევროკომისიისათვის წარდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკის დოკუმენტი.
გარდა ამისა, კონფერენციაზე ხაზი გაესვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ფარგლებში შექმნილ საპარლამენტო ზედამხედველობის სამუშაო ჯგუფის მიზნებსა და ამოცანებს, რომელიც ემსახურება პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ურთიერთობების ორგანიზებასა და დარეგულირებას. აღნიშნული ჯგუფის მიზანს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფუნქციების გაძლიერების შედეგად საკანონმდებლო ორგანოს მიერ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლის გაუმჯობესება წარმოადგენს.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც საქართველოს პარლამენტის, ფინანსთა სამინისტროსა და სხვა საჯარო უწყებების წარმომადგენლები, ასევე - საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები. მონაწილეთა მხრიდან ხაზი გაესვა გარე აუდიტის განვითარებისა და დამოუკიდებლობის საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფას, საჯარო რესურსების მართვისა და, შესაბამისად, მთავრობის საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების მიზნით.
