15 დეკემბერს სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს კონტროლის პალატის პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციის „SIGMA“-ს (Support for improvement in governance and management) მხარდაჭერით გაიმართა სემინარი თემაზე „უწყებრივი და გარე აუდიტის ფუნქციები და მათი ურთიერთქმედება.“ სემინარს საქართველოს კონტროლის პალატის, რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულთა ადმინისტრაციებისა და სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სემინარი საქართველოს კონტროლის პალატის თავჯდომარის მოადგილემ, დევი ვეფხვაძემ და „სიგმას“ წარმომადგენელმა ბიანკა ბრეთეშმა გახსნეს. თემაზე „გარე აუდიტის მიმოხილვა საქართველოში და მისი განვითარების გეგმები“ ბ-ნმა დევი ვეფხვაძემ ისაუბრა. უწყებრივ აუდიტსა და მის სამომავლო გეგმებზე კი - ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსმა, ქ-ნმა თათია ელიაძემ.
სემინარში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იყვნენ უცხოელი ექსპერტები. „სიგმას“ წარმომადგენელმა იუპ როლიკმა ისაუბრა ჰოლანდიის აუდიტორული პალატის როლსა და მის კავშირზე უწყებრივ აუდიტთან. ამასთან, წარმოადგინა გარე და უწყებრივი აუდიტის ურთიერთობის სპეციფიკური და სტატისტიკური ინფორმაცია ევროპული ქვეყნების მაგალითზე. სემინარს ესწრებოდა უნგრეთის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ბ-ნი ბალანშ დენშო, რომელმაც წარმოადგინა თემა „უწყებრივი აუდიტის როლი და მისი კავშირი უნგრეთის სახელმწიფო უმაღლეს აუდიტორულ ორგანოსთან.“
სემინარში მონაწილე საქართველოს კონტროლის პალატის, სამინისტროებისა და რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულთა ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს საქართველოში გარე და უწყებრივ აუდიტს შორის მჭიდრო პროფესიული ურთიერთობების შესაძლო ფორმებზე, მასთან დაკავშირებულ პრობლემატიკასა და ამ მიმართულებით კოორდინაციული მუშაობის გაქტიურების აუცილებლობაზე.
ღნიშნული სემინარის აუცილებლობა განაპირობა საქართველოს მთავრობის მიერ „სახელმწიფო სექტორის შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის სტრატეგიული ხედვის“ შემუშავებამ, რომელიც შეიქმნა სახელმწიფო სექტორში "შიდა აუდიტისა და შიდა ფინანსური კონტროლის საკითხების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის“ მეშვეობით.
აღნიშნული დოკუმენტის დამტკიცებით საქართველოს მთავრობამ იკისრა სტრატეგიული ხედვის 2009-2010 წლის სამოქმედო გეგმაში ასახული ქმედებების განხორციელების ვალდებულება. ზემოხსენებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს პარლამენტში განსახილველად წარდგენილია „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის თანახმად 2010 წლიდან სამინისტროებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში უნდა დაიწყოს სახელმწიფო შიდა აუდიტის დანერგვის პროცესი. საბიუჯეტო სახსრების ხარჯვისა და სახელმწიფო პროგრამების სრულფასოვანი აუდიტის განსახორციელებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარე და უწყებრივი (შიდა) აუდიტის ურეთიერთობა.
შესაბამისად, აღნიშნული საჯარო ფუნქციის განვითარების საწყისი ეტაპიდანვე მნიშვნელოვანია დაინტერესებული სუბიექტების შემეცნებადობის ამაღლება და გარე და უწყებრივი აუდიტის თანამშრომლობის არსის, მიზნების, ფორმების, მეთოდებისა და მასთან დაკავშირებული არსებითი ასპექტების განხილვა-გაანალიზება. ასევე, მნიშნელოვანია ევროპული ქვეყნების გამოცდილებისა და თეორიული და პრაქტიკული საკითხების გაზიარება.
საქართველოს კონტროლის პალატა ხელს უწყობს საჯარო სექტორის აუდიტის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას და ასრულებს მაკოორდინირებელ ფუქნციას სახელმწიფო გარე და უწყებრივი (შიდა) აუდიტის პროცესის ჰარმონიზებულად განვითარების საკითხში.