13 აპრილს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს (სას) სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ ევროპის აუდიტორთა სასამართლოსა და უნგრეთის აუდიტის სამსახურის ექსპერტები, რომლებიც გამართავენ 5-დღიან სამუშაო შეხვედრებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებთან. სამუშაო შეხვედრების ფარგლებში ექსპერტები სას-ის თანამშრომლებთან ერთად ჩაატარებენ საინფორმაციო ტექნოლოგიური გარემოსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების აუდიტის თვითშეფასებას (ITSA & ITASA) და შემდგომი განვითარების იზნით გასცემენ შესაბამის რეკომენდაციებს.
ახალი ტექნოლოგიური რისკებისა და გარემოს სწრაფი ცვლილებების გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია IT გარემოს გაუმჯობესება და აღნიშნულ პროცესში სას-ის, როგორც სამაგალითო ორგანიზაციის ჩამოყალიბება. ამ მიმართულებით აღსანიშნავია საინფორმაციო ტექნოლოგიური გარემოს თვითშეფასება (ITSA), რომელიც გულისხმობს წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიისა და კითხვარების მეშვეობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შეფასებას. სამუშაო შეხვედრებისას განხილულ იქნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ძირითად საქმიანობაში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების პერსპექტივები და გამოწვევები.
საინფორმაციო ტექნოლოგიების აუდიტის თვითშეფასება (ITASA) მოიცავს IT აუდიტის მეთოდოლოგიური და პროცედურული საკითხების ანალიზს, არსებული გამოცდილებისა და ხედვის გაზიარებასა და შესაბამის მხარდაჭერას ექსპერტების მხრიდან.
შეხვედრების მონაწილეები განიხილავენ IT აუდიტის მიმართულებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხედვის, გამოწვევებისა და სამომავლო განვითარების მიმართულებებს.
