სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სამუშაო შეხვედრა მოქალაქეთა აუდიტის პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით 30 იანვარი, 2016

დღეს, 29 იანვარს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში,გაიმართა სამუშაო შეხვედრა მოქალაქეთა აუდიტის პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით. შეხვედრაში, მონაწილეობდნენ მოწვეული ექსპერტი ამიტაბ მუხოპადიაი  და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები.

 შეხვედრაზე  განხილულ  იქნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით უკვე გადადგმული ნაბიჯები და ინიციატივები,  ექსპერტმა  მიმოიხილა არგენტინისა და ჩილეს უმაღლესი აუდიტორული ორგანოების გამოცდილება მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, რაც შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოქალაქეთა ჩართულობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში.

სამუშაო  შეხვედრაზე  ასევე  განიხილეს  სამხრეთ კორეის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს (BAI) მაგალითი. მსოფლიო ბანკსა და კორეის უმაღლეს  აუდიტორულ ორგანოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება  BAI-სა და სას-ს შორის შემდგომი აქტიური თანამშრომლობა.

შეხვედრის დასასრულს მოეწყო დისკუსია, რომლის ფარგლებშიც მონაწილეების მხრიდან შემოთავაზებულ იქნა იდეები/წინადადებები მოქალაქეთა აუდიტის პროცესში ჩართულობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით.