სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სამუშაო შეხვედრა გერმანელ კოლეგებთან 28 ივნისი, 2016

2016 წლის 28 ივნისს  გენერალურმა აუდიტორმა,  ლაშა თორდიამ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა  სამუშაო  შეხვედრა გამართეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის საბიუჯეტო აუდიტის კომიტეტის დელეგაციის წევრებთან, რომელთაც საბიუჯეტო აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე,  ბეტინა ჰაგედორნი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ  აგრეთვე   გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლები. 

გენერალურმა აუდიტორმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა  გერმანიის  მხარეს თანამშრომლობისა  და  მხარდაჭერისთვის,  როგორც უშუალოდ უმაღლესი აუდიტორული ორგანოს გაძლიერების, ასევე, ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.  საუბარი შეეხო აუდიტის სამსახურსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში   სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების შესრულების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის მუშაობის შესახებ. ზემოაღნიშნული ჯგუფი რამდენიმე თვეა ჩამოყალიბდა პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დახმარებით და მის მიზანია  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფუნქციების გაძლიერებით   საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლის გაუმჯობესება.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საკითხი. აღინიშნა, რომ რეკომენადაციების შესრულების მონიტორინგში საქართველოს პარლამენტის ჩართულობა უზრუნველყოფს რეკომენდაციების ეფექტიანად შესრულებას.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის საბიუჯეტო აუდიტის კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 30 ივნისს დასრულდება.