სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სალომე მანჯგალაძე INTOSAI IDI-ის SAI Young Leaders პროგრამის მონაწილე გახდა 09 ოქტომბერი, 2024

ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აუდიტორი სალომე მანჯგალაძე INTOSAI IDI-ის ახალგაზრდა ლიდერების პროგრამის (SAI Young Leaders 2024-2025)  მონაწილედ შეარჩიეს. კონკურსში მონაწილე უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების წარმომადგენელთა შორის სალომე გამარჯვებული „ინკლუზიური თემების გაძლიერება ეფექტიანობის აუდიტებში“ წარდგენილი თემით გახდა. 

SAI Young Leaders 2024-2025 პროგრამაში 20 ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის წარმომადგენელია ჩართული. ახალგაზრდა ლიდერების მისიაა თავიანთ ინსტიტუციებში პოზიტიური ცვლილებების ინიცირება და განხორციელება.   

ცვლილებების გეგმის დახვეწასა და განვითარებაში სალომე მანჯგალაძეს მენტორობას უწევს ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი კაპანაძე, რომელიც ამასთანავე IDI-ს პროფესიონალი ქოუჩია. ახალგაზრდა ლიდერების პროგრამის მონაწილეები ერთი წლის განმავლობაში იმუშავებენ შერჩეულ პროექტზე და მის განხორციელებაში მხარდაჭერას მიიღებენ პერსონალური მენტორისგან, აუდიტის სამსახურის მენეჯმენტისგან და ასევე IDI-ს სამუშაო ჯგუფისგან. 

სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა რუანდაში, ქალაქ კიგალიში გაიმართა და მას 20 ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის 22 წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრებს პროგრამის კურატორი, INTOSAI IDI-ის გენერალური დირექტორის მოადგილე არჩანა შირსატი და პროექტის მთავარი ხელმძღვანელი ჯეიდ ქარელი უძღვებოდნენ.

შეხვედრებზე განიხილეს მართვის ტექნიკები და მოდელები, რაც ხელს შეუწყობს მონაწილეების მიერ წარდგენილი ცვლილებების გეგმის უფრო ეფექტიანად განხორციელებასა და მართვას. მონაწილეებმა გაცვალეს თავიანთი გამოცდილებები და პრაქტიკები.

ახალგაზრდა ლიდერების პროგრამას INTOSAI IDI მეოთხედ ახორციელებს და მასში საქართველოს წარმომადგენელი პირველად მონაწილეობს.