2017 წლის 14 ივნისს, უკრაინის საანგარიშგებო პალატის ორგანიზებით, ქალაქ კიევში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ფინანსური მმართველობის გაუმჯობესების პროცესში უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების როლის გაძლიერებას მიეძღვნა.
კონფერენციაზე, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტები, სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მოხსენებით წარდგა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, მარიკა ნაცვლიშვილი.
„უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის სიძლიერე გამოიხატება ორ საკვანძო მახასიათებელში - მის დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის ხარისხში, თუმცა შედეგების რეალიზაციისა და რეალური ცვლილების განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ეფექტიანი კომუნიკაციის სტრატეგია, - აღნიშნა მარიკა ნაცვლიშვილმა თავის გამოსვლაში - „კომუნიკაცია უმაღლეს მაკონტროლებელსა და პარლამენტს შორის. სას-ის ტრანსფორმაცია, სირთულეები და კომუნიკაციის გაუმჯობესება“.
კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინოვაციური ვებპლატფორმა - „ბიუჯეტის მონიტორი“, რომელიც აუდიტორიის მიერ შეფასდა, როგორც „დაინტერესებულ მხარეებთან წარმატებული კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალება“.
