2013 წლის 14 მარტს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ორგანიზებით, საერთაშორისო ექსპერტები - მაგნუს ოხმანი და ირენა ბაჯიაბდიჩი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ და მათთან ერთად პოლიტიკური დაფინანსების კანონიერების მონიტორინგის განხორციელების ეფექტიანი მექანიზმები განიხილეს.
ექსპერტებმა პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობა შეაფასეს. ამასთან, პოლიტიკური დაფინანსების კანონიერების მონიტორინგისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის თანამშრომლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის გზებზე შეთანხმდნენ.
საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი ( IFES) საქართველოში დაახლოებით 10 წელია მოღვაწეობს და ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია საარჩევნო პროცესებისადმი საზოგადოების ნდობის გაზრდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან თანამშრომლობა სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და გრძელვადიან ურთიერთანამშრომლობას ისახავს მიზნად, რათა სამსახურმა უფრო ეფექტიანად შეძლოს პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. შედეგად, ზემოაღნიშნული საქმიანობა თანაბარკონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ მიმართულებით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს.
