სახელმწიფო აუდიტის სამსახური აშშ-ის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის (GAO) აუდიტის დახელოვნების ცენტრთან (CAE) თანამშრომლობით ეფექტიანობის აუდიტის რეკომენდაციების ზეგავლენის შეფასების მეთოდებს ნერგავს.
აუდიტის დახელოვნების ცენტრთან (CAE) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ამერიკელი კოლეგების ჩართულობით რეკომენდაციების ზეგავლენის შეფასების პრაქტიკა სამ ეფექტიანობის აუდიტში გამოიყენა. („საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლების ეფექტიანობის აუდიტი“, „აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის განვითარებისა და მართვის“ ეფექტიანობის აუდიტი და „სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების“ ეფექტიანობის აუდიტი).
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სამუშაო ვიზიტით მყოფი აუდიტის დახელოვნების ცენტრის (CAE) დირექტორი ქეთრინ სიგერუდი და ცენტრის წარმომადგენელი სტივენ ლორდი ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსს გიორგი კაპანაძეს და სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს მარიამ ზაალიშვილს შეხვდნენ და ორი საპილოტე აუდიტის მიმდინარეობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ეფექტიანობის აუდიტის რეკომენდაციების ზეგავლენის შეფასების მეთოდების დანერგვა გულისხმობს რეკომენდაციების განხორციელების შედეგად მიღებული ეფექტის შეფასებას.
ამ მიმართულებით აუდიტის დახელოვნების ცენტრის (CAE) სპეციალისტებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 30-მდე აუდიტორისთვის ტრენინგები ჩაატარეს ეფექტიანობის აუდიტის დაგეგმვაში, მეთოდოლოგიაში, მონაცემთა ანალიზში, მტკიცებულებების მოპოვებასა და ზეგავლენის შეფასებაში.

