საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა მონაწილეობა მიიღო აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ ორგანიზებულ რეგიონულ ფორუმში „საჯარო სექტორის აღრიცხვა“, რომელიც ფილიპინების ქალაქ მანილაში გაიმართა.
20 ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის, ფინანსთა სამინისტროების და საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტების მონაწილეობით ჩატარებული ფორუმის თემები იყო IPSAS სტანდარტების საბჭოს მიერ შემუშავებული 2024 – 2028 წლების სტრატეგიის განხილვა, საჯარო სექტორის აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) მიხედვით დარიცხვის მეთოდით აღრიცხვა და ამ სტანდარტების დანერგვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. ფორუმის მონაწილეებმა IPSAS სტანდარტების დანერგვის პროცესში არსებულ გამოწვევებზე თავიანთი ორგანიზაციების გამოცდილებები გაცვალეს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური მომავალი წლიდან იწყებს მთავრობის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ყოველწლიურ აუდიტს და ამ კუთხით ფორუმის მონაწილე ქვეყნების გამოცდილების გაცნობა სამსახურისთვის მნიშვნელოვანია.
ასევე, ფორუმის მონაწილეებს საერთაშორისო ექსპერტებმა წარუდგინეს აუდიტორული საქმიანობის ახალი მიდგომები - კლიმატის ცვლილების განმარტებითი შენიშვნა ანგარიშგებაში, მდგრადობის ანგარიშგება და უმაღლესი აუდიტორული უწყებების როლი ამ ანგარიშგებაში. ექსპერტებმა დამსწრეებს გააცნეს საჯარო სექტორის აღრიცხვის თვითშეფასების ინსტრუმენტის (PULSE) შედეგები.
