კონტროლის პალატამ 10 პრიორიტეტული სფერო და მიმართულება გამოკვეთა:
1) სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვა:
საერთაშორისო ინსტიტუტების დახმარებით საქართველოს მთავრობა წარმართავს საჯარო ფინანსების მართვის პროექტს, რომლის საბოლოო შედეგი იქნება საჯარო ფინანსების ეფექტურად და გამჭვირვალედ მართვა. ამდენად საქართველოს კონტროლის პალატა, როგორც საჯარო ფინანსების მართვაზე ზედამხედველი უმაღლესი სახელმწიფო ინსტიტუტი პრიორიტეტად მიიჩნევს ამ პროგრამისა და მის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგს.
2) საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მართვა:
იმის გათვალისწინებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის გათვალისწინებულ ასიგნებებში 80%-მდე განკუთვნილია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების დაფინანსებისთვის, საქართველოს კონტროლის პალატა პრიორიტეტულად მიიჩნევს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების აუდიტის პროცესის დაწყებას.
3) სოციალური პროგრამების მართვა:
2008-2009 წლებში სახელმწიფომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხები მიმართა სოციალური ღონისძიებებისა და პროგრამების განსახორციელებლად, ამდენად საქართველოს კონტროლის პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს განხორციელებული პროგრამებისა თუ ღონისძიენების შედეგების აუდიტს
4) ჯანმრთელობის პროგრამების მართვა:
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისათვის ხელშეწყობა თუ უზრუნველყოფა სახელმწიფოს მთავარი პრიორიტრეტთაგანია, რომლის უზრუნველსაყოფადაც 2008-2009 წლებში გადაიდგა პირველი ნაბიჯები სისტემური ცვლილებებისათვის. საქართველოს კონტროლის პალატა მიიჩნევს, რომ ამ სფეროში დანერგილი სიახლეების შედეგების აუდიტის საფუძველზე სახელმწიფო მიიღებს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც გააადვილებს გადაწყვეტილებების მიღებას
5) საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების მართვა:
საქართველოს კონტროლის პალატა მიიჩნევს, რომ განათლების სისტემისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეფორმამ უკვე მოიტანა ის შედეგები, რომელთა აუდიტის დრო დადგა.
6) საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროს მართვა:
საქართველოს კონტროლის პალატისათვის ერთ-ერთი საპასუხისმგებლო და მასშტაბური საკითხი არის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროს მართვის აუდიტი. მომავალი წლის განმავლობაში საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტი მაქსიმალურად მოიცავს უსაფრთხოების სისტემის დაწესებულებებს, რომელთა ფუნქცია საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საშიანო თუ საგარეო საფრთხეებისაგან დაცვაა.
7) ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა:
სახელმწიფომ მნიშვნელოვანი საბიუჯეტო რესურსი მიმართა ინფრასტრუქტურული პროექტების წარმართვაზე, რომლებიც საზოგადოების მომეტებული ინტერესის სფეროშია. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს კონტროლის პალატა 2010 წლის განმავლობაში ჩაატარებს ამ სფეროს აუდიტს, რომლის შედეგებიც მიეწოდება საზოგადოებას და მთავრობას.
8) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების მონიტორინგი:
2009 წელს ჩატარებულმა აუდიტმა აჩვენა, რომ სახელმწიფო საწარმოთა მართვის სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს. მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ჩატარებული საწარმოთა მართვის სააგენტოსა და 8 სახელმწიფო საწარმოს (რომელთა განკარგულებაშია 50 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონება) აუდიტმა დაგვანახა კანონდარღვევები და ის რესურსი, რომლის ჯეროვნად და ეფექტურად გამოყენება საზოგადოების ინტერესს იწვევს
9) სახელმწიფო ქონების პრივატიზების მდგომარეობა საქართველოს რეგიონებში:
სახელმწიფო თუ ადგილობრივი ქონება არის ის რესურსი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ახალი ბიზნეს ინიციატივების გაჩენა, რომელიც საბოლოოდ სასიკეთო გავლენას იქონიებს სახელმწიფოს ეკონომიკაზე და თითოეული მოქალაქის ცხოვრებაზე. ამ რესურსისა და შესაძლებლობების გამოვლენა იქნება საქართველოს კონტროლის პალატის პრიორიტეტი.
10) საჯარო ფინანსებით განხორციელებული საზოგადოებრივი მაუწყებლობა:
სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესი განსაკუთრებულად ფოკუსირებულია საზოგადოებრივი მაუწყებელსა და მის რეფორმირებაზე. სახელმწიფო მნიშვნელოვან რესურსს ხარჯავს ამ რეფორმაზე - ბოლო 3 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან დახარჯულია დაახლოებით 70 მილიონი ლარი. საზოგადოებას აქვს უფლება იყოს ინფორმირებული რეფორმის მიმდინარეობისა და ამ მიმართულებით გამოყენებული საჯარო ფინანსების მართვის საკითხებზე, ხოლო საქართველოს კონტროლის პალატა თავს ვალდებულად თვლის განახორციელოს ამ სფეროს მონიტორინგი. სწორედ ამიტომ საქართველოს კონტროლის პალატა პრიორიტეტულად მიიჩნევს რეფორმისა და მისი შედეგების აუდიტის ჩატარებას.