სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პოლონეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს დელეგაციის ვიზიტი 12 ივნისი, 2015

2015 წლის 9-12 ივნისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ უმასპინძლა პოლონეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს (NIK) დელეგაციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა პოლონეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს პრეზიდენტი კრიზსტოფ კვიატკოვსკი.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქუთაისისა და ბათუმის ოფისებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები, რომლის დროსაც განხილულ იქნა საქართველოსა და პოლონეთის უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუტებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ძირითადი ასპექტები და სამომავლო გეგმები.

ბატონმა ლაშა თორდიამ და ბატონმა კრიზსტოფ კვიატკოვსკიმ ასევე იმსჯელეს საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის (Twinning) საკითხების შესახებ. აღსანიშნავია, რომ Twinning-ის ორწლიანი პროექტი დაიწყო 2014 წლის 1 ოქტომბერს და მიზნად ისახავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებას.
პოლონეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს (NIK) პრეზიდენტმა კრიზსტოფ კვიატკოვსკიმ და დელეგაციის სხვა წევრებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს საჯარო შესყიდვების სფეროს მე-11 საერთაშორისო ფორუმში, რომელიც 2015 წლის 9-11 ივნისს, ქალაქ ბათუმში გაიმართა.