სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ვიზიტი პარიზში 04 დეკემბერი, 2015

2015 წლის 1-2 დეკემბერს, ევროპის საბჭოს ორგანიზებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი და პოლიტიკური პარტიების ფინანსურის საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში, ქალაქ პარიზში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა მიმართულებით და განხილულ იქნა აუდიტისა და პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის მნიშვნელოვანი საკითხები:

საფრანგეთის პოლიტიკური პარტიების საქმიანობის მონიტორინგის კომისიის (C.N.C.C.F.P.) გენერალურ მდივანთან, ბატონ რეჯის ლამბერტთან განხილულ იქნა პოლიტიკური პარტიების ფინანსების მონიტორინგის კუთხით საფრანგეთის პრაქტიკა და არსებული კანონმდებლობა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საჯარო მმართველობისა და ტერიტორიული განვითარების სამსახურის უფროსთან, ბატონ ჟანოს ბერტეკთან განხილულ იქნა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებისა და საჯარო ფინანსების საკითხები, ასევე პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგისა და ფინანსური დემოკრატიის საკითხები.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კავკასიისა და შუა აზიის საქმეთა დეპარტამენტის უფროსთან, ბატონ ფრანსუა დელაჰუსთან შეხვედრის დროს განხილულ იქნა საქართველოს წინაშე დემოკრატიული განვითარების გზაზე არსებული გამოწვევები, საჯარო ფინანსებისა და პოლიტიკური პარტიების საქმიანობის აუდიტის პროცესები.

აღნიშნულ შეხვედრებზე საქართველოსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართ  გამოთქმულ იქნა მხარდაჭერა და ევროპის საბჭოსთან ერთად დაიგეგმა თანამშრომლობის გაღრმავების შემდგომი ეტაპები, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განვითარების პროცესში  დიდ წვლილს შეიტანს.