სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პასუხი ნინო ბურჯანაძის განცხადებაზე 26 ივლისი, 2016

გვინდა გამოვეხმაუროთ ქალბატონი ნინო ბურჯანაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც არამხოლოდ მცდარია, არამედ მიზნად ისახავს ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო რეკლამის წინასწარი შესყიდვის რეგულაცია მოქმედებს 2012 წლიდან და ამ წესებს იყენებდა ქალბატონი ნინო ბურჯანაძის პარტიებიც სხვადასხვა არჩევნების დროს.

ჩვენს მიერ 5 მაისის ბრძანებით განხორციედა ბრძანებების სისტემატიზაცია, რა დროსაც ერთი ფორმით ჩამოყალიბდა სხვადასხვა საკითხების მარეგულირებელი 5 ბრძანება. აღნიშნული მარტივი შესადარებელია ძველ ბრძანებებთან და ყველა პოლიტიკურმა პარტიამ თუ არჩევნებში ჩართულმა პირმა კარგად იცის ამ საკითხის შესახებ. რეკლამის შესყიდვასთან დაკავშირებით ახალ ბრძანებაში გამარტივდა წინასწარი შესყიდვის პერიოდიც, მაშინ როცა თავდაპირველ რეგულაციაში მოთხოვნილი იყო მინიმუმ 1 კვირის პერიოდის წინასწარ შესყიდვა, 5 მაისის ბრძანებით აღნიშნული ვადა დაფიქსირებული არ არის, რაც ნიშნავს, რომ პარტიებს შეუძლიათ შეისყიდონ 1 საათის ან თუნდაც ერთი დღის სარეკლამო მომსახურება.

ასევე აღსანიშნავია კიდევ ერთი მცდარი ინფორმაციის გავრცელება, რომ ბუკლეტებისა და ფლაერების შესყიდვა შეიზღუდა ამ მრძანებით, რადგანაც ბუკლეტი არ არის არც რადიო, არც გაზეთი, არც ინტერნეტი, არც ტელევიზია და არც გარე რეკლამა, რის კონკრეტულ ჩამონათვალსაც ეს ბრძანება გვთავაზობს და ეს წესით უნდა მოეხსენებოდეს ქალბატონ ნინოს და არ უნდა ცდილობდეს ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ხსენებული გაერთიანებული ბრძანების მზადების პროცესში რამოდენიმე პოლიტიკურ პარტიას და მათ შორის გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას დაეგზავნა წერილი და ბრძანების პროექტი, რომ წარმოედგინათ შენიშვნები და მოსაზრებები რეგულაციების გაუმჯობესების მიზნით, სამწუხაროდ მათ მიერ არანაირი მოსაზრება წარმოდგენილი არ ყოფილა.