პარლამენტში აუდიტის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე ცენტრალური ხელისუფლების 8 სექტორული სამინისტროს 2022-2023 წლის ფინანსური ანგარიშგებების და საქართველოს პარლამენტის 2022 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტის ანგარიშები განიხილეს.
სამუშაო შეხვედრას გენერალური აუდიტორის მოადგილე სოფიო დვალიშვილი და სექტორული აუდიტორული დეპარტამენტების უფროსები ესწრებოდნენ. პარლამენტის წევრებს ანგარიშების შესახებ პრეზენტაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი ხითარიშვილმა გააცნო. პრეზენტაციაში წარმოდგენილი იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის; იუსტიციის; შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ფინანსური აუდიტების მიგნებები და რეკომენდაციები.
მიგნებები, ძირითადად, აქტივების მართვის, მოთხოვნებისა და ვალდებულებების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ზოგადი შიდა კონტროლის მექანიზმების მიმართულებით არსებულ ნაკლოვანებებს ეხებოდა. აუდიტების პროცესში გაიცა 5 პირობითი და 4 უარყოფითი მოსაზრება, ასევე 27 რეკომენდაცია.
რეკომენდაციები მიმართულია აქტივების უტყუარი აღრიცხვის უზრუნველსაყოფად და ძირითადად მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს: კონტროლის მექანიზმების შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს აქტივების სათანადო აღრიცხვას; აღურიცხავი აქტივების იდენტიფიცირება და შესაბამისი ასახვა ფინანსურ ინფორმაციაში; აქტივების ინვენტარიზაციის პროცესის გაუმჯობესება; აქტივების აღიარების კრიტერიუმების დადგენა და შესაბამისი აღრიცხვა; არასწორად აღრიცხული აქტივების შესაბამისი რეკლასიფიკაცია.
სამუშაო შეხვედრის მიმდინარეობისას პარლამენტარების კითხვებს გენერალური აუდიტორის მოადგილემ სოფიო დვალიშვილმა და სექტორული სამინისტროების ხელმძღვანელებმა უპასუხეს. აუდიტის ობიექტების წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს რეკომენდაციების შესრულების სტატუსზე.