სახელმწიფო აუდიტორებმა პარლამენტში აუდიტის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის წევრებს რვა სამინისტროში ჩატარებული აუდიტების მიგნებები გააცნეს. გამოვლენილი სისტემური ხარვეზები აქტივების მართვას, მოთხოვნებს და ვალდებულებებს, აღრიცხვა-ანგარიშგებას და ზოგადი კონტროლის მექანიზმებს მოიცავს.
სამინისტროების ფინანსური ანგარიშგებების აუდიტების ფარგლებში გაცემულია 85 რეკომენდაცია, არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით. განხორციელებულმა აუდიტებმა 2020 წლის ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელების დაახლოებით 91% დაფარა. გაიცა ექვსი უარყოფითი და ორი პირობითი მოსაზრება.
აუდიტის შედეგების პრეზენტაცია თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი ხითარიშვილმა წარადგინა. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა აუდიტის ყველა ობიექტის წარმომადგენელი, რომლებმაც რეკომენდაციების შესრულების ეტაპებზე ისაუბრეს და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს.
აუდიტის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფის ყოველთვიური შეხვედრა წელს მეოთხედ გაიმართა.


