პარლამენტში აუდიტის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე ეფექტიანობის აუდიტის სამი ანგარიში განიხილეს.
„მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ღონისძიებების“ აუდიტის მიგნებები და გაცემული რეკომენდაციები პარლამენტარებს და აუდიტის ობიექტებს ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კაპანაძემ წარუდგინა.
ანგარიშის ფარგლებში, გაცემული ორი რეკომენდაცია ითვალისწინებს მცირე და საშუალო საწარმოების (SME) ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით არსებული საჭიროებების დეტალურ ანალიზს, უკეთესი პრაქტიკის გათვალისწინებით პროგრამის დახვეწას და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით, შესაბამისი მონაცემების შეგროვების ხელშეწყობას.
სამუშაო ჯგუფის წევრებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა წარუდგინა „საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების“ და „ქართულ დიასპორასთან კავშირების გაძლიერების“ ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშები.
საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების ეფექტიანი მართვის მიმართულებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ხუთი რეკომენდაცია გასცა, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს პროფესიული განვითარების გეგმების ორგანიზაციების სტრატეგიული განვითარების მიზნებთან შესაბამისობას და პროფესიული განვითარების საჭიროებების დადგენის მეთოდოლოგიების შემუშავება/დანერგვის პროცესის გაუმჯობესებას.
დიასპორის საჭიროებებზე მორგებული პროექტების განსახორციელების მიზნით გაცემული ხუთი რეკომენდაციის შესაბამისად, მიზანშეწონილია ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით კვლევების ჩატარება, მიგრანტებისთვის გრანტების გაცემის პროცესში გამჭვირვალობის პრინციპის უზრუნველყოფა, დიასპორული ქსელის დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების ორგანიზება.
გენერალური აუდიტორის მოადგილემ დავით გოგიჩაიშვილმა აუდიტორებთან ერთად სამუშაო ჯგუფის წევრების კითხვებს უპასუხა. შეხვედრის მონაწილე აუდიტის ობიექტებმა რეკომენდაციების შესრულების სტატუსები წარმოადგინეს.


