პარლამენტის აუდიტების განმხილველი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეფექტიანობისა და ფინანსური ანგარიშები წარადგინა.
აუდიტის ობიექტებთან და სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად აუდიტორებმა განიხილეს „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ეფექტიანობის აუდიტის“, „საბიუჯეტო ორგანიზაციების კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში საგადასახადო შემოსავლების ფინანსური აუდიტის“ და „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის (SRAMP) ეფექტიანობის აუდიტის“ ანგარიშები.
ანგარიშებში არსებულ მიგნებებზე პარლამენტის წევრების კითხვებს უპასუხეს აუდიტორებმა და აუდიტის ობიექტებმა - ფინანსთა სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა. მათ აღნიშნეს, რომ იზიარებენ აუდიტორულ მიგნებებს და აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების შესახებ ისაუბრეს გენერალური აუდიტორის მოადგილემ ზაზა შეყილაძემ, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა და ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე შერმადინმა.


