სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პარლამენტის სამუშაო ჯგუფს აუდიტორებმა ორი ეფექტიანობის და ერთი შესაბამისობის ანგარიში წარუდგინეს 29 აპრილი, 2024

პარლამენტში აუდიტის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებმა ჯგუფის წევრებთან და აუდიტის ობიექტებთან ერთად აუდიტის სამი ანგარიში განიხილეს.

„დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის აუდიტის ანგარიში“ სხდომაზე სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ზაალიშვილმა წარადგინა. მან შესაბამისობის ანგარიშში ასახულ იმ მიგნებებზე ისაუბრა, რომელიც ბინების განაწილების წესსა და პროცესს ეხებოდა, ასევე დამსწრეებს გააცნო ანგარიშში მოცემული სამი რეკომენდაცია.

„სამომხმარებლო, ინდუსტრიული და სამშენებლო პროდუქტების უვნებლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების აუდიტის ანგარიშში“ მოცემული მიგნებები და რვა რეკომენდაცია ჯგუფის წევრებს ეკონომიკური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე შერმადინმა გააცნო. 

„სამხედრო განათლების სისტემის ეფექტიანობის აუდიტის“ ანგარიშის შესახებ პრეზენტაცია თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის წამყვანმა აუდიტორმა და ჯგუფის უფროსმა მეგი კოდოშვილმა წარადგინა. ანგარიშში მოცემულია ხუთი რეკომენდაცია, რომელიც სხვადასხვა საფეხურის სამხედრო სასწავლებლებს და განათლების სამოტივაციო ღონისძიებებს ეხება.

აუდიტორებმა და სექტორული სამინისტროების წარმომადგენლებმა პარლამენტარების კითხვებს უპასუხეს. აუდიტის ობიექტებმა აუდიტის ანგარიშებში მოცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმა-სტატუსი წარმოადგინეს.