პარლამენტში აუდიტის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შესაბამისობის ორი ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციები საქართველოს პარლამენტის 2019- 2021 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის ანგარიშს და პროგრამის - „საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია“ აუდიტს ეხებოდა.
გენერალური აუდიტორის მოადგილემ სოფიო დვალიშვილმა და სექტორული დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა ანგარიშებში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები გააცნეს სამუშაო ჯგუფის წევრებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე შერმადინმა „საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია“ აუდიტის ანგარიშის ფარგლებში გამოვლენილ სხვადასხვა სახის ხარვეზსა და ნაკლოვანებაზე ისაუბრა, მათ შორის: სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა, ავანსების გაცემა, რეაბილიტაციის პროექტების ნაკლოვანებები, კონტროლის მექანიზმები, პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასების ხარვეზი, კონტრაქტორებზე ჯარიმების დაკისრების პროცესი, სამშენებლო ობიექტების დაზღვევა, მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესის ნაკლოვანებები და სხვა. ანგარიშში ასახული მიგნებების საფუძველზე აუდიტორებმა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის 3 რეკომენდაცია გასცეს. აუდიტის ობიექტმა გაიზიარა აუდიტორთა რეკომენდაციები და საპასუხო ღონისძიებათა შესახებ ისაუბრა.
საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა კი „საქართველოს პარლამენტის 2019-2021 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში“ წარადგინა, სადაც ნაკლოვანებები, ძირითადად, სამივლინებო ხარჯებს, საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრას და ტრანსპორტის ექსპლუატაციას ეხებოდა. ანგარიშის ფარგლებში გაცემულ ორ რეკომენდაციას აუდიტის ობიექტის წარმომადგენლები დაეთანხმნენ და აღნიშნეს, რომ რეკომენდაციათა ნაწილი უკვე შესრულებულია და ამჟამად რეკომენდაციათა მეორე ნაწილზე მუშაობა სრულდება.