სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პარლამენტის სამუშაო ჯგუფმა ორი აუდიტის ანგარიში მოისმინა 27 სექტემბერი, 2023

პარლამენტში აუდიტის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე ა(ა)იპ ხელბურთის ეროვნული ფედერაციის საქმიანობის შესაბამისობის და დაავადებების პრევენციის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშები განიხილეს. 

სამუშაო ჯგუფის წევრებს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის სახელმწიფო შესყიდვებსა და შიდა კონტროლის სისუსტეებზე აუდიტის მიგნებები და რეკომენდაციები სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ზაალიშვილმა წარუდგინა. თავის მხრივ, აუდიტის ობიექტის წარმომადგენლებმა ანგარიშში ასახულ დარღვევებსა და რეკომენდაციების შესრულების სტატუსზე ისაუბრეს.

დაავადებების პრევენციის, კერძოდ, კიბოს სკრინინგის პროგრამების ეფექტიანობის აუდიტის ფარგლებში გამოვლენილ ნაკლოვანებებსა და რეკომენდაციებზე ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კაპანაძემ ისაუბრა. მან მოსახლეობის პროგრამაში ჩართულობის გაზრდისა და დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინაციის პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ იზიარებენ აუდიტორების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და მათი დიდი ნაწილი შესრულების ეტაპზეა.

აუდიტის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრას გენერალური აუდიტორის მოადგილე სოფიო დვალიშვილი, სახელმწიფო აუდიტორები, პარლამენტის სექტორული კომიტეტისა და აუდიტის ობიექტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.