პარლამენტში აუდიტის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის“ (SRAMP) 2022 წლის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში განიხილეს.
აუდიტის ანგარიშში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები პარლამენტარებს ეკონომიკური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე შერმადინმა წარუდგინა. აუდიტის ანგარიშში ასახულია პროექტის ფარგლებში გაწეული ხარჯების გადამოწმების მიზნით შესწავლილი შუალედური ფინანსური ანგარიშები (IFR), სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვისა და მისი შემდგომი შესრულების პროცესი, განსახლების სამოქმედო გეგმის მიხედვით საკომპენსაციო თანხების საკითხი და გზების უსაფრთხოების ინტეგრაცია აქტივების მართვის პროცესში და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
აუდიტის ობიექტის - საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ანგარიშში არსებულ მიგნებებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციები სრულად შესრულებულია.
აუდიტის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა სამუშაო ჯგუფმა წელს ბოლო სხდომა გამართა. 2023 წლის განმავლობაში სამუშაო ჯგუფმა 23 აუდიტის ანგარიში განიხილა.


