პარლამენტში აუდიტის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა სამუშაო ჯგუფმა წელს პირველი სხდომა გამართა. შეხვედრაზე ეფექტიანობის აუდიტის ორი ანგარიში განიხილეს - „სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარება“ და „აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის განვითარება და მართვა“.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის განვითარების ტენდენციებსა და მართვის მექანიზმებთან დაკავშირებით, აუდიტის მიგნებებსა და რეკომენდაციებზე, ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კაპანაძემ ისაუბრა.
სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშზე პრეზენტაცია სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის წამყვანმა აუდიტორმა ნაზი ჩაგანავამ წარადგინა.
სამუშაო შეხვედრას დარგობრივი კომიტეტების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომელთაც კითხვები აუდიტის სამუშაო ჯგუფთან და შესაბამის სამინისტროებთან ჰქონდათ. აუდიტის ობიექტები იზიარებენ აუდიტორების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. მათ პარლამენტარების კითხვებს უპასუხეს და რეკომენდაციების შესრულების სტატუსზეც ისაუბრეს.
შეხვედრას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან ასევე ესწრებოდნენ გენერალური აუდიტორის მოადგილე სოფიო დვალიშვილი, ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აუდიტორი ბექა მაისურაძე და აუდიტორი ნათია ჩხვირკია.


