სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ორდღიანი სემინარი აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ 23 მაისი, 2016

19-20 მაისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ორდღიანი სემინარი აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ, რომლის მიზანი იყო აუდიტის სამსახურსა და არასამთავრობო/სამოქალაქო სექტორს შორის გადაკვეთის წერტილების, ურთიერთთანამშრომლობის მექანიზმებისა და ინიციატივების განხილვა. სემინარი განხორციელდა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის - „აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის“ ფარგლებში და მასში მონაწილეობა მიიღო 10-ზე მეტი არასამთავრობო/სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენელმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყო აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის სტრატეგიის მომზადება. შესაბამისად, სემინარის ფარგლებში განხილულ იქნა სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები, გამოწვევები და რეკომენდაციები. სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ინტენსიური შეხვედრების განმავლობაში მიეცათ შესაძლებლობა, აქტიური დისკუსია გაემართათ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად. შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ კორეისა და ინდოეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებმაც პრეზენტაციების სახით სემინარის მონაწილეებს გაუზიარეს როგორც თავიანთი, ასევე - საერთაშორისო გამოცდილება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მოქალაქეების, არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციებისადმი ანგარიშვალდებულების გაზრდა საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებას წარმოადგენს. აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის უმთავრესი მიზანი კი აღნიშნული მიმართულების მუდმივი გაუმჯობესებაა.