საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, პოლონეთის რესპუბლიკის უმაღლესი აუდიტის სამსახურს, უკრაინის საანგარიშო პალატასა და მოლდოვის რესპუბლიკის საანგარიშო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის დეკლარაცია გაფორმდა.
დეკლარაცია მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და ურთიერთობის გაღრმავებას, ევროკავშირის სტანდარტებთან ადაპტაციის თვალსაზრისით.
პოლონეთის პარლამენტში, სპეციალურ სხდომაზე, რომელიც მიეძღვნა პოლონეთის უმაღლესი აუდიტის სამსახურის დაარსების 96-ე იუბილეს და რომელსაც თავმჯდომარეობდა პოლონეთის სეიმის სპიკერი, რადოსლავ სიკორსკი, გაფორმდა ოთხმხრივი ურთიერთთანამშრომლობის დეკლარაცია.
დეკლარაციასხელი მოაწერეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ, პოლონეთის რესპუბლიკის უმაღლესი აუდიტის სამსახურის პრეზიდენტმა, კრიჟშტოფ კვიატკოვსკიმ, უკრაინის საანგარიშო პალატის თავმჯდომარემ, რომან მაგუტამ და მოლდოვის რესპუბლიკის საანგარიშო სასამართლოს პრეზიდენტმა, სერაფიმ ურეჩანმა.
პოლონელი აუდიტორები ქართველ, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხების აუდიტთან დაკავშირებით.
2015 წელს ვარშავაში იგეგმება საერთაშორისო სემინარი, რომელიც დაკავშირებული იქნება როგორც ევროკავშირის თანხების რეგულირებისა და აუდიტის საკითხებთან, ასევე უმაღლესი აუდიტორული ორგანოების დამოუკიდებლობის სტანდარტებთან.
სემინარს დაესწრებიან აუდიტორები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის უმაღლესი აუდიტორული ორგანოებიდან. პოლონეთის რესპუბლიკის უმაღლესი აუდიტის სამსახურს აუდიტორები ევროპის აუდიტორთა სასამართლოს წარმომადგენლებთან, ბალტიისპირეთის ქვეყნების ინსპექტორების - ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის, ცენტრალური ევროპის ალიანსის ქვეყნების - ჩეხეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის აუდიტორებთან ერთად გაუზიარებენ გამოცდილებას ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხების რეგულირებისა და აუდიტის საკითხებთან დაკავშირებით. ასევე განხილული იქნება უმაღლესი აუდიტორული ორგანოების დამოუკიდებლობის სტანდარტების საკითხი.
- უმაღლესი აუდიტორული ორგანოების დამოუკიდებლობა არის დემოკრატიის ერთ-ერთი საყრდენი, - ხაზგასმულია გაეროს ახლახან გამოცემულ სპეციალურ რეზოლუციაში (69/2014).
