სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აუდიტორებმა ნიდერლანდების აუდიტორული ორგანიზაციისგან აუდიტის გავლენის გაუმჯობესებაში საზოგადოების ჩართულობის გამოცდილება გაიზიარეს 10 ივნისი, 2024

სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩრდილოეთ მაკედონიის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, ბულგარეთის, მოლდოვის, რუმინეთის და უკრაინის აუდიტორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სემინარში, რომელიც ჰააგაში, ნიდერლანდების უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციაში გაიმართა. 

სამუშაო შეხვედრის თემა იყო აუდიტორული ორგანიზაციების მიერ დაინტერესებული მხარეების განსაზღვრა და მათი ჩართულობის გაძლიერება აუდიტის გავლენის გასაუმჯობესებლად.

სემინარის მონაწილეებს სამუშაო შეხვედრებზე გაუზიარეს ნიდერლანდების და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებები, თუ როგორ არის შესაძლებელი აუდიტის გავლენის მიღწევა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით და კომუნიკაციის რა ფორმებს იყენებენ უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციები უკუკავშირის მისაღებად. 

შეხვედრა გაიმართა ასევე ნიდერლანდების უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციის პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაცია Oxfam Novib ოფისში, სადაც სემინარის მონაწილეებს ორმხრივი თანამშრომლობის ფორმები და პარტნიორობის შედეგები გააცნეს. 

სემინარზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსი ცოტნე ქარქაშაძე, დეპარტამენტის ანალიტიკოსები სალომე ვერულაშვილი და სოფიკო ხაჩიძე წარმოადგენდნენ. 

ნიდერლანდების საოლქო პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „დაინტერესებული მხარეების ჩართულობით აუდიტის გავლენის გაუმჯობესება“ მოიცავდა ორ ონლაინ ვებინარსა და სამუშაო ვიზიტს ნიდერლანდების უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციაში.