სახელმწიფო აუდიტის სამსახური

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ტექნიკური დახმარების პროექტის შედეგები შეფასდა  11 ივნისი, 2024

მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი აუდიტორთა პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი დასრულდა. 

პროექტი მოიცავდა პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას იმ მიმართულებებში, რომელიც სამსახურის სტრატეგიით პრიორიტეტებად არის განსაზღვრული. შესაბამისად, საერთო ჯამში, 90-ზე მეტმა აუდიტორმა გაიარა საერთაშორისო სტანდარტების სწავლების პროგრამა მთავრობის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების და ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) აუდიტების წარმოებაში, ასევე საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებში (IPSAS).

მსოფლიო ბანკის სამუშაო ჯგუფმა, დელეგაციის ხელმძღვანელის პატრიკ უმა ტეტეს ხელმძღვანელობით, გენერალურ აუდიტორთან ცოტნე ყავლაშვილთან და გენერალური აუდიტორის მოადგილესთან სოფიო დვალიშვილთან შეხვედრაზე პროექტის მიღწევები და შედეგები შეაფასეს. პროექტი ევროკავშირის „ეკონომიკური მმართველობისა და ფისკალური ანგარიშვალდებულების პროგრამის“ ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მსოფლიო ბანკი მხარდაჭერას უწევს ასევე აუდიტორების მიერ პროფესიული კომპეტენციების სერტიფიკატების მოპოვების პროცესს. 11-მა აუდიტორმა INTOSAI - ის განვითარების ინიციატივის (IDI) ერთწლიანი პროფესიული განათლების პროგრამის (PESA) გავლისა და შესაბამისი გამოცდების ჩაბარების შემდეგ კომპეტენციის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატები უკვე მოიპოვა.  

ასევე, პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის ექსპერტები კონსულტაციებს უწევენ აუდიტორთა ჯგუფს, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების ორ საპილოტე აუდიტს ატარებს.