სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის გაძლიერების მიზნით ახალი პროექტი დაწყო, რომელსაც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით „დიდი ოთხეულის“ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია EY-ს საქართველოსა და თურქეთის ოფისები განახორციელებენ.
პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე IT აუდიტის სასწავლო კურსს გაივლის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 35 აუდიტორი და ექვსი IT აუდიტის ინტერნი. ასევე გათვალისწინებულია ორი საპილოტე აუდიტის ჩატარება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია IT აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის შემუშავება, ხარისხის კონტროლის და ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურების გაუმჯობესება და სისტემატიზაცია.
პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში EY-ს წარმომადგენლობასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გენერალური აუდიტორის მოადგილე სოფიო დვალიშვილი, ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი კაპანაძე, სტრატეგიული დაგგემვის დეპარტამენტის უფროსი ცოტნე ქარქაშაძე და აუდიტის სამსახურის IT კონსულტანტი ანზორ მეხრიშვილი ესწრებოდნენ.