სახელმწიფო აუდიტის სამსახური

მსოფლიო ბანკის დახმარებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა IT აუდიტი დანერგა 18 ივლისი, 2019

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი დაინერგა. ჩატარდა ოთხი ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) აუდიტი, მათ შორის განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში.მიმდინარე წელს ფართოვდება IT აუდიტის მოცვის სფეროები.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განვითარების“ პროექტი მოიცავდა როგორც ტექნიკურ განვითარებას, ასევე IT აუდიტორების პროფესიული უნარების გაუმჯობესებას.

პროექტის ფარგლებში მოეწყო IT აუდიტისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა, დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავებისა და ანალიზისათვის განკუთვნილი მონაცემთა ცენტრი. ასევე, სამსახურმა შეისყიდა სპეციალიზებული აუდიტორული პროგრამული უზრუნველყოფები.

პროფესიული შესაძლებლობების ზრდის მიმართულებით, IT აუდიტორებმა გაიარეს სასწავლო პროგრამები და შესაბამისი სერტიფიცირებები. საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია „დელოიტთან“ ერთად მომზადდა IT აუდიტისა და ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის სახელმძღვანელოები, IT აუდიტის პროფესიული განვითარების გეგმა; პროექტის ფარგლებში დაიწყო თანამშრომლობა აშშ-ს სახელმწიფო აუდიტორულ უწყებასთან (GAO), რომლის ფარგლებშიც განხორციელდა სასწავლო პროგრამები.

პროექტის დახურვის ღონისძიებას დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციები, მსოფლიო ბანკის, ევროკავშირის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, გერმანიის საერთაშორისო განვითარების საზოგადოების (giz), ევროპის საბჭოს წარმომადგენლები, პარლამენტარები და სხვა მოწვეული პირები ესწრებოდნენ.