სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „მოსწავლეების სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის“ პროგრამის 2010-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ნაკლოვანებები, კერძოდ:
- 2011 წელს სამინისტრომ სახელმძღვანელოების სადისტრიბუციო მომსახურების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მოტივით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ხელშეკრულება გააფორმა შპს „საქართველოს ფოსტასთან“ ღირებულებით 350 460 ლარი. ხოლო 2012 წელს სახელმძღვანელოების შეძენა და დისტრიბუცია გააერთიანა შესყიდვის ერთ ობიექტად და გამარტივებული შესყიდვის საშუალებით მისი შეძენაც განახორციელა იმავე მიმწოდებლისაგან. მოცემულ შემთხვევაში მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 1 480 ათასი ლარი. აუდიტის ჯგუფმა 2013-2014 წწ. ელექტრონულ ტენდერებზე ვაჭრობის შედეგად სახელმძღვანელოების ერთეულზე ჩამოყალიბებული სადისტრიბუციო მომსახურების საშუალო ფასის საფუძველზე განსაზღვრა მოცემული მომსახურების საბაზრო ღირებულება. აღნიშნული დაანგარიშებების გათვალისწინებით, 2011-2012 წლებში სახელმძღვანელოების სადისტრიბუციო მომსახურების შესყიდვისას ელექტრონული ტენდერის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო დაახლოებით 1 500 000 ლარის ოდენობის საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა;
- 2014 წელს სახელმძღვანელოების ბეჭდვის მომსახურების შეძენის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე მთავრობის განკარგულების საფუძველზე, სააგეგენტომ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით 7 მილიონი ლარის ღირებულების სახელმძღვანელოების შეძენაზე ხელშეკრულება გააფორმა სპს „გაერთიანებულ ქართულ სტამბასთან“. მოცემულ შემთხვევაში სახელმძღვანელოების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად შეძენის საჭიროება წარმოიშვა არა გარემოებათა ობიექტური განვითარებით, არამედ შესყიდვის მოსამზადებელი ეტაპის მართვის ხარვეზებით და სახელმძღვანელოების მოძრაობაზე სუსტი კონტროლის მექანიზმების არსებობით; რომლებმაც თავის მხრივ განაპირობა შესყიდვის გაჭიანურება და ელექტრონული ტენდერის გამოყენების შესაძლებლობის შეზღუდვა.
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ვარგისი სახელმძღვანელოების რაოდენობის შესახებ “მოსწავლეთა აღრიცხვის ელექტრონულ სისტემაში“ ასახული არაზუსტი მონაცემების საფუძველზე, 2014-2015 სასწავლო წლისთვის მოხდა, შესაძენი სახელმძღვანელოების მეტობით დაანგარიშება და მათი შეძენა, რამაც გამოიწვია სკოლებში, როგორც გამოსაყენებლად ვარგისი, ასევე მეტობით მიღებული ახალი სახელმძღვანელოების არაოპტიმალური და დაუსაბუთებელი მარაგების ფორმირება. აუდიტის ჯგუფის მიერ შერჩეული 56 სკოლის მიხედვით, მხოლოდ გერმანული და ფრანგული ენის სახელმძღვანელოების მეტობით შეძენაზე გაწეულმა ხარჯმა 254 600 ლარი შეადგინა;
- სამინისტროს მიერ არ მომხდარა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის დაწესებული საჯარიმო სანქციების გამოყენება, რამაც შეადგინა 105 000 ლარი;