6-8 მაისს, საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის (IFES) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განხილულ იქნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტები. აღსანიშნავია, რომ ამავე შეხვედრაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ წარმოადგინა საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული რეკომენდაციები და საქართველოს ვალდებულებები, რომლებიც დიდწილად უკავშირდება საქართველოში პოლიტიკური დაფინანსების მიმართულებით და ასევე არჩევნებთან დაკავშირებული კანონმდებლობის, რეგულაციებისა და პრაქტიკის სრულყოფას.
სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, უწყებათაშორისი კომისიისა თუ სხვა ჩართული მხარეების ინიციატივები და რეკომენდაციები. ამასთან, მიღწეულ იქნა შეთანხმება შემდგომი კონსულტაციების გაგრძელების შესახებ, პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის ფუნქციის განხორციელების პროცესის სრულყოფისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილების გაუმჯობესების მიზნით, რათა მიღწეულ იქნეს პოლიტიკური ფინანსების სრული გამჭვირვალობა და თანასწორუფლებიანი საარჩევნო გარემოს შექმნა.
საბოლოოდ, შეხვედრებზე განხილვის პროცესში გამოთქმული გარკვეული შენიშვნების გათვალისწინების შემდგომ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მოიწონეს და მხარი დაუჭირეს. პროექტი განსახილველად საქართველოს პარლამენტში გადაიგზავნება.
