სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ზაალიშვილმა, იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით, იუსტიციის სამინისტროს შიდა აუდიტორებისთვის ეფექტიანობის აუდიტის ტრენინგი ჩაატარა.
მარიამ ზაალიშვილი, ამავე დროს, ეფექტიანობის აუდიტში უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო გაერთიანების INTOSAI/IDI-ის ექსპერტია და მენტორობას უწევს გაერთიანების წევრი ქვეყნების უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებს ეფექტიანობის აუდიტის წარმოებაში. ასევე ის არის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენერი, სადაც კოლეგებთან ერთად ეფექტიანობის აუდიტის სასწავლო პროგრამას უძღვება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2011 წლიდან ატარებს ეფექტიანობის აუდიტებს ჯანდაცვის, განათლების, მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფებისთვის სოციალური სერვისების, ეკონომიკის, საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურული პროექტების, გარემოსდაცვით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროებში.


