სახელმწიფო აუდიტის სამსახური

მარიამ ზაალიშვილი აშშ-ის და საერთაშორისო ანტიკორუფციული კანონმდებლობის სერტიფიცირებული აუდიტორი გახდა 20 ივნისი, 2022

სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ზაალიშვილი აშშ-ის და საერთაშორისო ანტიკორუფციული კანონმდებლობის სერტიფიცირებული აუდიტორი გახდა. სერტიფიკატი მან ვაშინგტონში, საერთაშორისო პროგრამის გავლის და შესაბამისი გამოცდის ჩაბარების შედეგად მიიღო. 

ვაშინგტონის ამერიკული უნივერსიტეტის (American University Washington College of Law) მიერ ორგანიზებული სემინარი განკუთვნილი იყო საჯარო მოხელეებისთვის და მოიცავდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საკითხებს, როგორიცაა სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების რეგულაციებით განხორციელებული შესყიდვებისას თაღლითობის რისკების ანალიზი, აშშ-ის და საერთაშორისო საზოგადოების მიერ გამოყენებული პრაქტიკის გაცნობა საჯარო სექტორში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად.

სასერტიფიკაციო სემინარს უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად უძღვებოდნენ დარგის ექსპერტები როგორც აშშ-ის ფედერალური მთავრობის სამსახურებიდან, მათ შორის უმაღლესი აუდიტორული უწყებიდან და იუსტიციის სამინისტროდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან - მსოფლიო ბანკიდან და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციიდან.  

მარიამ ზაალიშვილი აშშ-ის ანგარიშვალდებულების სამსახურის (GAO) საერთაშორისო აუდიტორული პროგრამის მონაწილეა, რომლის ფარგლებში 2019 წელს ოთხი თვის განმავლობაში აშშ-ის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციიის სათაო ოფისში გადიოდა პროფესიულ დახელოვნებას. 

აშშ-ის ანგარიშვალდებულების სამსახურის (GAO) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრატეგიული პარტნიორია და მასთან ერთად არაერთ პროექტს ახორციელებს. მიმდინარე პროექტია რეკომენდაციების ზეგავლენის შეფასების მეთოდების დანერგვა ეფექტიანობის აუდიტებში, რაც რეკომენდაციის შედეგად მისაღები პოტენციური სარგებლის გაზომვადი ფორმით წარმოდგენას გულისხმობს. რეკომენდაციების ზეგავლენის შეფასების პრაქტიკის დანერგვა უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის მაღალი ინსტიტუციური განვითარების დონეზე მიუთითებს.