სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი გარემოებები:
- 2014 წელს გზის საფარის მოწყობის შესყიდვის დროს, მიმწოდებელმა ფაქტობრივად მოაწყო წვრილმარცვლოვანი ასფალტი, სისქით - დაახლოებით 4 სმ, ხოლო მუნიციპალიტეტმა სამუშაოები ჩაიბარა სისქით 6.5 სმ. შედეგად მიმწოდებელს შეუსრულებელ სამუშაოებზე აუნაზღაურდა 127 ათას ლარზე მეტი.
- 2013-2014 წლებში სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული გზით შესყიდვის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მიერ 1 856.5 ათასი ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები ანაზღაურებულია კანონმდებლობის დარღვევით.
- 2014 წელს გზის მოწყობის შესყიდვის პროცესში, მუნიციპალიტეტმა შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე მიმწოდებელს აუნაზღაურა 17.2 ათასი ლარი.
- 2014 წელს მუნიციპალიტეტმა საპირფარეშოს მშენებლობაზე დახარჯა 25.1 ათასი ლარი. თუმცა საპირფარეშო დაკეტილი იყო მისი ექსპლუატაციაში შესვლის დღიდან.
- მუნიციპალიტეტმა შეისყიდა 15.1 ათასი ლარის ღირებულების არაპროპორციული მასიური ქვა ამოტვიფრული გერბით. ქვის სკვერში დადგმის აუცილებლობა და საჭიროება მასში გადახდილი ფასიდან გამომდინარე, ვერ იქნა დასაბუთებული.
- 2014 წელს სოფლის პროგრამის ფარგლებში, განხორციელდა ჭაბურღილის მოწყობა, ჭაბურღილებზე რეზერვუარების მოწყობა და მაგისტრალში ჩაშვება, სარიტუალო ფარდულის მშენებლობა. მიუხედავად იმისა რომ სულ პროექტებზე დაიხარჯა 68.1 ათასი ლარი, მოსახლეობა ვერ სარგებლობს აღნიშნული სიკეთით.
- 2013-2014 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ მიმწოდებლებზე დაურიცხავი პირგასამტეხლოს სახით მიუღებელმა შემოსავალმა შეადგინა 21 ათას ლარზე მეტი.
- 2013 წელს მუნიციპალიტეტის მიერ მიუღებელმა საპროცენტო შემოსავალმა 21 ათას ლარზე მეტი შეადგინა.
- 2013-2014 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ დღგ, თანხით 95.0 ათასი ლარი, ანაზღაურებულია იმ შემთხვევებშიც, როდესაც მომსახურების მიწოდება გათავისუფლებული იყო გადასახადისაგან ან მიმწოდებლები არ იყვნენ რეგისტრირებულნი გადასახადის გადამხდელებად.
- 2013-2014 წლებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ხარჯები შეადგენდა 54.3 ათას ლარს. სხვა ქვეყნების დელეგაციების ოფიციალური მიღებების გარდა, მნიშვნელოვანი თანხები დაიხარჯა სახელმწიფო უწყებების სხვადასხვა თანამდებობების პირების კვების ორგანიზებისათვის.
- 2013-2014 წლებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე, რომლებიც არ არიან თანამდებობის პირები, გაცემული ჯამური თანხა 82.9 ათასი ლარი, არასწორადაა ჩამოწერილი ხარჯებში, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე.
- მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა, რამდენად იყო შტატგარეშე მოსამსახურეთა მაღალი რიცხოვნობა (2013 წ - 32, 2014 წ - 141 პირი) ობიექტური საჭიროებით განპირობებული. შედეგად, გაწეულია 458.1 ათასი ლარის დაუსაბუთებელი ხარჯი.
- მუნიციპალიტეტის მიერ 2013-2014 წლებში ა(ა)იპ „ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ცენტრი“ სუბსიდიით დაფინანსდა 152.0 ათასი ლარით. ა(ა)იპ-ის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესრულება შეეძლო მუნიციპალიტეტის გამგეობას.
- 2015 წლის 1 იანვრისათვის მუნიციპალიტეტის მიერ იჯარით გაცემულ არასასოფლო-სამეურნეო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, გადაუხდელმა საიჯარო ქირამ 25.0 ათას ლარზე მეტი შეადგინა.
- მუნიციპალიტეტმა შეისყიდა 2013 წლის საქმიანობის აუდიტორული შემოწმება. კერძო აუდიტის ანგარიში არ მოიცავს იმ ხარვეზებსა და დარღვევა-ნაკლოვანებებს, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ იქნა იდენტიფიცირებული.
