დღეს, 29 ივნისს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას ხელმძღვანელობდა საბჭოს თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი.
სხდომის მიზანი იყო თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის პრეზენტაცია და განხილვა. პროექტი შემუშავდა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომლის ერთ-ერთი წევრია სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობდნენ ანტიკორუფციული საბჭოს წევრები: საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
საკანონმდებლო ცვლილებებს საფუძვლად დაედო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე ვალდებულებები, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD-ACN), სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები, აგრეთვე სხვა სახელმწიფოთა გამოცდილება.
ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შესამუშავებლად სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2015 წლის 4 თებერვალს, ანტიკორუფციული საბჭოს სხდომაზე, საქართველოში არსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების სისტემის მონიტორინგის მექანიზმების შემუშავებისა და თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის სისწორისა და სისრულის დადგენის მიზნით.
