სახელმწიფო აუდიტის სამსახური

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა 05 თებერვალი, 2015

4 თებერვალს სასტუმრო „თბილისი-მარიოტში“ გაიმართა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საბჭოს წევრი საჯარო უწყებებისა (სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ცენტრალური საარჩევნო კომისია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სხვ.) და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს კოორდინაციით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის 13 სტრატეგიული პრიორიტეტის საფუძველზე, ცხრა თემატური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, წარიმართა განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური წარმოდგენილია ორ თემატურ სამუშაო ჯგუფში:

კორუფციის პრევენცია საჯარო ფინანსებისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში.
პოლიტიკური კორუფციის პრევენცია.
პირველი სამუშაო ჯგუფის მიზანია სახელმწიფოს ფინანსური რესურსების მართვისა და შიდა ფინანსური კონტროლის გაუმჯობესება კორუფციის პრევენციის მიზნით, ასევე ბიუჯეტის დაგეგმვისა და ხარჯვის პროცესში ანგარიშვალდებულებისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფა. 2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრიორიტეტებია:

- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება.

- ფინანსური მართვისა და კონტროლის, აგრეთვე შიდა აუდიტის ფუნქციონირების შემოწმების სისტემის დანერგვა; აუდიტორული საქმიანობის დაგეგმვა გამოვლენილი კორუფციული რისკების გათვალისწინებით.

- მთავრობის შესაძლებლობების განვითარება; საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობის ამაღლება და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა.

- ინფორმაციული სისტემების აუდიტის (IT Audit) მექანიზმის განვითარება.

მეორე სამუშაო ჯგუფი ემსახურება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და ხარჯების გამჭირვალობის მაღალი ხარისხის მიღწევას, კორუფციული პრაქტიკის მინიმუმამდე დაყვანას.

ახალ სტრატეგიულ დოკუმენტებს საფუძვლად დაედო ვიზალიბერალიზაციის პროცესში ნაკისრი ვალდებულებები, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD-ACN), კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO), გაერო-ს დანაშაულისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა (UNODC) და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები და მომზადებული კვლევები.

სხდომაზე ანტიკორუფციულმა საბჭომ დაამტკიცა განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგია, 2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა და ანტიკორუფციული დოკუმენტების მონიტორინგისა და შეფასების ახალი მეთოდოლოგია.

ანტიკორუფციული საბჭოს წევრებმა ასევე მოისმინეს ანტიკორუფციული საბჭოს 2014 წლის საქმიანობისა და „ღია მმართველობა − საქართველოს ფორუმის“ 2014 წლის საქმიანობის ანგარიში. ამასთანავე, ანტიკორუფციული საბჭოს წევრები გაეცნენ საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციას დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმის შესახებ.