სახელმწიფო აუდიტის სამსახური

კონფერენცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება“ (Twinning) დახურვასთან დაკავშირებით 09 სექტემბერი, 2016

დღეს,  9 სექტემბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გაიმართა საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის (Twinning) –  „საქართველოს უმაღლესი აუდიტორული ორგანოს - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება“ - ფარგლებში,  პროექტის დახურვასთან  დაკავშირებული  კონფერენცია.

პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მართვისა და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერება აუდიტების ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების შესაბამისად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით. პროექტში ჩართულები იყვნენ გერმანელი და პოლონელი წამყვანი ექსპერტები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ქართველ კოლეგებს პროფესიული და გამჭვირვალე სამუშაო სტრუქტურის ჩამოყალიბებაში, თანამედროვე მართვის სისტემების დანერგვაში და აუდიტის ინსტრუმენტების ოპტიმიზირებისა და სტანდარტიზაციის პროცესებში. ამასთანავე, ექსპერტებმა უზრუნველყვეს მხარდაჭერა აუდიტორული კადრების პროფესიული განვითარებისა და მუშაობის შეფასების სფეროში.

 პროექტმა უზრუნველყო დახმარება ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და პარტნიორობის ინსტრუმენტის (ENPI) ფარგლებში, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიულ განვითარებას, კანონის უზენაესობასა და ეფექტიან  მმართველობას.

საჯარო სამსახურების დაძმობილება - Twinning, არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და მიმღებ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ინსტრუმენტი. მისი მიზანია მიმღები ქვეყნის საჯარო სამსახურებისთვის ევროკავშირში განვითარებული კარგი პრაქტიკის გაზიარება და აღნიშნული ქვეყნების სამსახურებს შორის გრძელვადიანი ურთიერთობების ხელშეწყობა. მიმღებ ქვეყნებს განეკუთვნებიან ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი სახელმწიფოები და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში მოქცეული ქვეყნები.

პროექტს  ახორციელებდნენ გერმანიის უმაღლესი აუდიტორული ორგანო - Bundesrechnungshof (BRH) და პოლონეთის უმაღლესი აუდიტორული სამსახური - Najwyższa Izba Kontroli (NIK),  საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან (SAO) ერთად.  

იხ. ბმული

იხ. ვიდეო