სახელმწიფო აუდიტის სამსახური

კონტროლის პალატასა და შვედეთის ეროვნული აუდიტის ოფისს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 19 სექტემბერი, 2009

მიმდინარე წლის 15-18 სექტემბერს შვედეთის ეროვნული აუდიტის ოფისის მიპატიჟებით საქართველოს კონტროლის პალატის დელეგაცია შვედეთის სამეფოს ეწვია. დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი. დელეგაციაში იყვნენ თავმჯდომარის მოადგილე დევი ვეფხვაძე, სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ალასანია, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჯერენაშვილი და თავმჯდომარის თანაშემწე ირენა მელუა.

ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის ეროვნული აუდიტის ოფისს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. საქმიანი შეხვედრები შედგა შვედეთის ეროვნული აუდიტის ოფისში.

შვედეთის ეროვნული აუდიტის ოფისში შეხვედრებისას ისაუბრეს შვედეთის ეროვნული აუდიტის ოფისის განსაკუთრებულ როლზე შვედეთის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში, ასევე მის როლზე ცენტრალურ და რეგინალურ ხელისუფლებაში. დელეგაციის წევრები გაეცნენ შვედეთის ეროვნული აუდიტის ოფისის ფინანსური და ეფექტიანობის აუდიტების ჩატარების მეთოდოლოგიასა და იმპლემენტაციის პროცედურებს.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა და შვედეთის ეროვნული აუდიტის ოფისის გენერალურმა დირექტორმა კლას ნორგნერმა ხელი მოაწერეს საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის ეროვნული აუდიტის ოფისს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის მემორანდუმს.