სახელმწიფო აუდიტის სამსახური

კონსოლიდირებული აუდიტის ჩასატარებლად სახელმწიფო აუდიტის სამსახური საერთაშორისო პრაქტიკას სწავლობს 24 აპრილი, 2024

მთავრობის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტში აუდიტორთა შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური საერთაშორისო პრაქტიკას ნერგავს.  

ევროკავშირის „ეკონომიკური მმართველობისა და ფისკალური ანგარიშვალდებულების პროგრამის“ ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ მსოფლიო ბანკის მოწვეული ექსპერტები ვეინ ბართლეტი და ზურაბ მამუკელაშვილი.

სამუშაო შეხვედრების ფორმატში, მსოფლიო ბანკის სპეციალისტებმა აუდიტორებთან ერთად განიხილეს მთავრობის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გეგმის და პროგრამის შემუშავების პროცესები.  

პროექტის პირველ ეტაპზე აუდიტორებმა უკვე გაიარეს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS), კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის წარმოებისა და ფინანსური აუდიტის ხარისხის მართვის, საგადასახადო შემოსავლების აუდიტის დაგეგმვისა და რისკების შეფასებასთან დაკავშირებული ტრენინგები. ასევე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს თავისი გამოცდილება გაუზიარა ლატვიის უმაღლესმა აუდიტორულმა ორგანიზაციამ, რომელიც კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტში ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციაა. 

ექსპერტების ვიზიტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის (NAO) წარმომადგენელმა ჰელენ ჯექსონმა აუდიტის სამსახურის აუდიტორებს NAO-ში არსებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მეთოდოლოგია და პრაქტიკა გააცნო. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მომავალი წლიდან დაიწყებს მთავრობის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ყოველწლიურ აუდიტს, რომლის წინაპირობაა საგადასახადო შემოსავლების ფინანსური აუდიტი. ამ ტიპის აუდიტი წელს მეორედ ტარდება.  

ევროკავშირის „ეკონომიკური მმართველობისა და ფისკალური ანგარიშვალდებულების პროგრამის“ ტექნიკური დახმარების პროექტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით კიდევ ორი მიმართულებით უწევს მხარდაჭერას. 

ერთი მიმართულებაა ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის გაძლიერება, რომელსაც „დიდი ოთხეულის“ წევრი აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია EY-ს საქართველოსა და თურქეთის ოფისები ახორციელებენ. ამ მიმართულებით IT აუდიტის სასწავლო კურსი გაიარა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 45-მა აუდიტორმა და ექვსმა IT აუდიტის სტაჟიორმა. პროექტის ფარგლებში ასევე მიმდინარეობს ორი საპილოტე აუდიტი, რომლის პროცესში EY-ს ექსპერტები აუდიტორთა სამუშაო ჯგუფებს კონსულტაციებს უწევენ.

მსოფლიო ბანკი მხარდაჭერას უწევს ასევე აუდიტორების მიერ პროფესიული კომპეტენციების სერტიფიკატების მოპოვების პროცესს. 11-მა აუდიტორმა INTOSAI - ის განვითარების ინიციატივის (IDI) ერთწლიანი პროფესიული განათლების პროგრამის (PESA) გავლისა და შესაბამისი გამოცდების ჩაბარების შემდეგ კომპეტენციის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატები უკვე მოიპოვა. ამჟამად მიმდინარეობს პროექტის მეორე ეტაპი.