„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და მუნიციპალიტეტების თანამშრომლობა საჯარო მმართველობის გაუმჯობესებისთვის“ პროექტის ფარგლებში, თელავში კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებთან სამუშაო შეხვედრა შედგა.
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჩატარებულ აუდიტებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესსა და საჯარო ფინანსების ეფექტიან მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს მუნიციპალიტეტებთან სამუშაო რეჟიმში განიხილავს. პირველი შეხვედრა ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტის 50-მდე წარმომადგენლის მონაწილეობით გაიმართა.
თელავში გამართულ შეხვედრას ყვარლის, თელავის, გურჯაანის, ლაგოდეხის, სიღნაღის, საგარეჯოს, ახმეტის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების 50-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.
სამუშაო პროცესს მოდერაციას უწევდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილე ზაზა შეყილაძე. შეხვედრის მონაწილეებს აუდიტების ძირითადი შედეგები და რეკომენდაციები თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მამრიკიშვილმა წარუდგინა; რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული პლატფორმა (ARIS.SAO.GE) მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსმა ცოტნე ქარქაშაძემ გააცნო. საკრებულოსა და შიდა აუდიტის როლზე საჯარო ფინანსების მართვის ზედამხედველობის პროცესში ისაუბრეს თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მამრიკიშვილმა და ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა გიული ჭკუასელმა. მუნიციპალიტეტების საჭიროებებზე მორგებული პროფესიული განვითარების ტრენინგპროგრამების შესახებ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა გელა წიკლაურმა.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტებისა და მერიების წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს, ასევე იმსჯელეს აქტუალური საკითხების ერთობლივი გადაჭრის გზებზე.