სახელმწიფო აუდიტის სამსახური

იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ნატო ზაალიშვილი IDI-ის ახალი ინიციატივის − LEG SAI-ს კონცეფციის შემუშავებაში ჩაერთო 01 მაისი, 2024

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჩაერთო უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო გაერთიანების  INTOSAI/IDI ახალ ინიციატივაში, რომელიც ორიენტირებულია უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებში იურიდიული სამსახურების გაძლიერებაზე (LEG SAI).

IDI-ის მოწვევით, მადრიდში  გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც ბრაზილიის, ჩეხეთის, ესპანეთის, მექსიკის, ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ექსპერტად მიწვეული იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ნატო ზაალიშვილი.

LEG SAI-ის ინიციატივის მიზანია ინდიკატორებად გამოიყენოს წარმატებული SAI-ის საუკეთესო პრაქტიკები და მათ მაგალითზე დაეხმაროს სხვა უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებს იურიდიული სამსახურების გაძლიერებაში, რომელთაც საკვანძო როლი აქვთ უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების დამოუკიდებლობის დაცვასა და განმტკიცებაში.    

სახელმწიფო აუდიტის სამსახური  IDI-მ შეარჩია როგორც ინსტიტუციური დამოუკიდებლობის წარმატებული მაგალითი. ნატო ზაალიშვილმა კოლეგებს გააცნო სამართლებრივი მიღწევები SAO-ს დამოუკიდებლობის და ინსტიტუციურ გაძლიერებაში.

მადრიდის შეხვედრაზე შემუშავდა LEG SAI-ის ინიციატივის კონცეფცია და ამ პროექტის იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებში ნატო ზაალიშვილი ექსპერტულ მხარდაჭერას გაუწევს IDI-ს პარტნიორი SAIs-ს დამოუკიდებლობის ადვოკატირების საქმეში.