სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ისრაელში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვიზიტი პირისპირ შეხვედრებით დასრულდა 13 მარტი, 2019

ისრაელის პრეზიდენტთან როვენ რივლინთან  მიღებით დასრულდა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაციის ვიზიტი ისრაელში, სადაც  უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციების გაერთიანებების  EUROSAI-ASOSAI -ს   რიგით მესამე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილე 21 ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციის ხელმძღვანელებს  როვენ რივლინმა  საპრეზიდენტო სასახლეში უმასპინძლა.

უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში  საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაციამ პირისპირ შეხვედრები გამართა ასევე  ოთხი ქვეყნის გენერალურ აუდიტორთან.

ფინეთის, ესპანეთის, ჩეხეთისა და პოლონეთის  აუდიტორული ინსტიტუციების  დელეგაციებმა შეხვედრებისას იმ საკითხებზე ისაუბრეს, რომლებმაც  გენერალური  აუდიტორების პრეზენტაციების დროს ორმხრივი დაინტერესება გამოიწვია.

აუდიტორულ ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში პირველად შედგა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კომუნიკაცია ფინეთისა და ესპანეთის აუდიტორულ უწყებებთან.

ფინეთის გენერალურმა აუდიტორმა ტუტი ილი ვიიკარმა დაინტერესება გამოხატა რეკომენდაციების  მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებით, რის შესახებაც ირაკლი მექვაბიშვილმა კონფერენციაზე წარდგენილ პრეზენტაციაში ისაუბრა. თავის მხრივ,  ქართული დელეგაციისთვის   საინტერესო აღმოჩნდა  ფინეთის გამოცდილება  აუდიტის დაგეგმვის პრაქტიკასა და  ბიუჯეტის ანალიზთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა ესპანეთის აუდიტორთა სასამართლოს დელეგაციასთან შეხვედრაზე.

ირაკლი მექვაბიშვილმა და მისმა ესპანელმა კოლეგამ, მარია დე ლა ფუენტე ი დე ლა კალემ, რომელიც ამასთანავე EUROSAI-ს მუდმივმოქმედი სამდივნოს ხელმძღვანელიცაა, მზადყოფნა გამოხატეს კომუნიკაციის გააქტიურებისა და საერთაშორისო პროექტებში ჩართულობის მიმართულებით. საქართველომ და ესპანეთმა უკვე მიიღეს მონაწილეობა ერთობლივ აუდიტორულ კვლევაში - „ჰაერის ხარისხის ეფექტიანობის აუდიტი“. მხარეებმა იმსჯელეს  არსებული გამოცდილების გათვალისწინებით  პარალელურ აუდიტორულ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობებსა და მნიშვნელობაზე. საქართველოსა და ესპანეთის აუდიტორული უწყებების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ მსგავსი ერთობლივი კვლევები საუკეთესო პლატფორმაა გამოცდილების გასაზიარებლად, მართვის სისტემის დასახვეწად, ასევე მასში ჩართული ქვეყნების მოსახლეობის ინტერესების დასაცავად.

საქართველოს დელეგაციისთვის საინტერესო და აქტუალური იყო  ჩეხეთის უმაღლესი აუდიტის სამსახურის   პრეზიდენტთან, მილოსლავ კალასთან  გამართული შეხვედრა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მნიშვნელოვანია  ჩეხური გამოცდილების გაზიარება  ციფრული ტექნოლოგიების აუდიტის პროცესში გამოყენებისა  და IT აუდიტის მიმართულებით. ჩეხეთმა რამდენიმე წელია   აქტიურად დანერგა თავის  საქმიანობაში ტექნოლოგიური სიახლეები და ახლა მზადაა თავისი მიღწევები  კოლეგებს  გააცნოს.

აუდიტორული თანამშრომლობის პერსპექტივებსა  და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე ისაუბრეს საქართველოს დელეგაციისა და პოლონეთის უმაღლესი აუდიტის სამსახურის პრეზიდენტის კრზისტოფ კვიატკოვსის შეხვედრაზე. პოლონური მხარე მზადაა,უახლოეს მომავალში, ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში,  კოლეგები პოლონეთის აუდიტის სამსახურში მიიწვიოს.